გორის თეატრი „ფეისბუქსა“ და „იუთუბიზე“ სპექტაკლების ვიდეოჩანაწერების ჩვენებას იწყებს
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში სპექტაკლების ვიდეოჩანაწერების ჩვენებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა GMnews-თან განაცხადა. ჩხარტიშვილის თქმით, შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, თეატრი მუდმივად ცდილობს, კომუნიკაცია დაამყაროს მაყურებელთან და ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავს.
„კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ და ინტერნეტ ვიდეოარხი „იუთუბი“, სწორედ აქ მოვახდენთ ჩვენს რეპერტუარში არსებული სპექტაკლების ვიდეოჩანაწერების ჩვენებას. ჩვენი და მაყურებლის ვირტუალური შეხვედრის დრო, შაბათს და კვირას, 19:00 საათი იქნება, ანუ, ტრადიციას არ დავარღვევთ და წარმოდგენებს ჩვეულ რეჟიმში „ვითამაშებთ“. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ გვაქვს, რომელ სპექტაკლს ვაჩვენებთ პირველად, მაგრამ დაზუსტებით გეტყვით იმას, რომ დანაპირების შესრულებას ხვალიდან დავიწყებთ,“ - განაცხადა დავით ჩარტიშვილმა.
გ. ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, სპექტაკლების ვიდეოჩანაწერების ჩვენება ერთადერთი ნაბიჯი არ იქნება, რომელსაც გორის თეატრი მაყურებელთან მისასვლელად, ჩაკეტილი სივრცის პირობებში გადადგამს.