საზოგადოება
27.03.2020 11:50
არცერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსული ინფექცია არ დადასტურებია - თავდაცვის სამინისტრო

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ, - აღნიშნულ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი. სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ გადაყვანილ ხუთივე სამხედო მოსამსახურეს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უტარდება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიას და სხვა პროფესიულ ჯგუფებს წინასწარ არ გაავრცელონ ინფორმაცია და სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა. დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს,“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსახმსახურის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ.
კვირის ამბები