სამართალი
28.04.2025 13:38
სავაჭრო ცენტრ ,,გალერეაში“ მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული მეორე პირიც გარდაიცვალა

,,გალერეაში“ მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული მეორე პირიც გარდაიცვალა. მამაკაცს, რომელსაც მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები აღენიშნებოდა, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, მიყენებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

ინფორმაციისთვის, შემთხვევა გორში დღეს დილით მოხდა, სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე შუახნის მამაკაცმა მეორე მაღაზიის მფლობელს და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, სროლის შედეგად შვილი - 30 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მამა კი უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

ბრალდებული და დაზარალებულები დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.

,,გალერიის“ მოვაჭრეების  ინფორმაციით,  კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით - განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ დაიწყო, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. 

კვირის ამბები