გადამამუშავებელი საწარმოების შექმნით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ სახელმწიფოს თანადაფინანსებით ისარგებლონ.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, კომპონენტის ფარგლებში ფინანსდება ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა.
„თანადაფინანსდება განსაზღვრული პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%, მაგრამ არაუმეტეს 350 000 ლარი. წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება კი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 250 000 ლარს.
მაღალმთიანი დასახლებების და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, ან რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 350 000 ლარით“, - აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება პროგრამის მიზნებს, მუნიციპალიტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა; ახალი ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს შექმნა ან არსებული ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს გაფართოება/მოდერნიზება; გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წინაპირობების გაუმჯობესება; სანედლეულო ბაზის განვითარება და სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდაა.
აღანიშნავია, რომ გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი.
ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოების შექმნა/მოდერნიზება/გაფართოება კი დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.
გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტში განაცხადები 29 აპრილის 12:00 საათიდან მიიღება და 13 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
დაინტერესებულ პირებს, პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე: rda. gov. ge