27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, Covid 19-ის გამო, მსოფლიოს ყველა თეატრი დაკეტილია
საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტის გადაწყვეტილებით, 1962 წლიდან, 27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
როგორც თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, სასცენო ხელოვნების არსებობის ისტორიაში, პირველად დადგა დღე, როდესაც მსოფლიოს ყველა თეატრი დაკეტილია, ცარიელი სცენები და მაყურებელთა დარბაზები კი, სავსეა მომავალი სპექტაკლების მოლოდინით.
„ერისთავის თეატრის სახელით გილოცავთ მსოფლიო თეატრის დღეს და მადლობას გიხდით ჩვენთან ერთად გატარებული დროისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რომელსაც ყოველთვის რიგი ღონისძიებებით აღვნიშნავდით, თუმცა, მსოფლიოში გავრცელებული ვირუსული ინფექციის გამო, მოწოდება - ,,იარე თეატრში“, ახალი სლოგანით ჩავანაცვლეთ- ,,დარჩი სახლში“. ვიდრე სპექტაკლების ჩვენებას შევწყვეტდით, სამ საპრემიერო სცენარზე ვმუშაობდით. „იესოს საქმე“, „ვაჟიშვილი“ და „მოთამაშეები“ - ასე რომ, დარჩით სახლში, რათა მალე ისევ შევხვდეთ თეატრში“ - აღნიშნა GMnews-თან გ. ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით ჩხარტიშვილმა.