საზოგადოება
25.04.2025 13:50
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.

პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„მინდა გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, არსებულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გავცე.

დღემდე, თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა - ჩვენი ქვეყნის და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას, შესაბამისად ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე ჩემი ძლიერი და გულწრფელი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. 2011 წლის ოქტომბერში მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და მის პოლიტიკურ გუნდში გავერთიანდი. მაშინ ჩემი ოჯახი ძალიან დაზარალდა, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი უკანონოდ ჩასვეს ციხეში და სააკაშვილის რეჟიმს ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად მძევლად ყავდა აყვანილი და გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო ჩვენი ბრძოლა, ჩვენ ოჯახის წევრს დავკარგავდით, მას ციხეში მოკლავდნენ და ალბათ მეც დიდი ხნით მომიწევდა ციხეში წასვლა. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. მადლობა ღმერთს, საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა ჩვენი პარტიის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა და საკუთარი ხალხის მტერი და ეროვნული ინტერესების მოღალატე, მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ.

2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მე წილად მხვდა პატივი ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად, აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში, ორჯერ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ხოლო ბოლო ერთ წელიწადზე მეტია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციიდან ვემსახურები საქართველოს.

ნამდვილად მეამაყება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ჩემი საქმიანობის პერიოდში თავდაუზოგავად ვიშრომე, გუნდთან ერთად ბევრი საქმეც გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ - სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, უზრუნველვყავით მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება, გავაძლიერეთ და გავამყარეთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

ყოველთვის, ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შევძელი და მოვახერხე, უფლის შეწევნითა და წყალობით, პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ასევე, პარტიის წინაშე, რითაც ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში.

არაერთხელ მითქვამს, რომ არც ერთი თანამდებობა არ არის მარადიული და არც ერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი, ეს ჩემთვის ყოველთვის საკუთარი სამშობლოსა და ხალხის მსახურების შესაძლებლობა იყო! ასე იყო 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავტოვე 33 წლის ასაკში და პოლიტიკიდან გავედი! ასე იყო მაშინაც, როდესაც 2019 წელს პოლიტიკაში დავბრუნდი და „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად დაწყებული საქმე განვაგრძე, ასე იყო შარშან, როდესაც მეორედ დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ასეა დღესაც, როდესაც მეორედ ვტოვებ პოლიტიკას.

რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვების მთავარი მონაპოვარის, იდეალების, ღირებულებების და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება, შესაბამისად, ვრჩები, როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად.

მსურს, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიდან მემსახურა საქართველოსთვის.

წარმატებებს ვუსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და მთლიანად „ქართული ოცნების“ დიდ გუნდს.

მჯერა, რომ ქართული ოცნება იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს, ბოლომდე დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და პარალელურად უზრუნველყოფს საქართველოს ევროპულ მომავალს და რაც მთავარია, შექმნის შესაბამის რეალურ პირობებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და სტაბილური განვითარებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ 2024 წლის პირველ თებერვალს აირჩიეს. ღარიბაშვილი ორჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

კვირის ამბები