საერთაშორისო გამოფენაში - „FOODEX JAPAN 2026“ მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო და 2025 წლის 8 მაისის 18:00 საათის ჩათვლითაა შესაძლებელი.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, მათი ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას.
„საერთაშორისო გამოფენა - „FOODEX JAPAN 2026“ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 2026 წლის 10-13 მარტს გაიმართება და მინაწილეებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ საქმიანი კავშირები ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესოპერატორებთან.
გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს და ათასობით ვიზიტორს, მათ შორის, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, დისტრიბუტორებს, საბითუმო და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს.
„FOODEX JAPAN“ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო გამოფენაა. მიმდინარე წელს, რიგით 50-ე საიუბილეო გამოფენას მსოფლიოს მასშტაბით 72 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია, გამოფენაში კი 70 ქვეყნიდან 2900 კომპანია მონაწილეობდა“, - აცხადებენ სააგენტოში.
გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.
შეგახსენებთ, ტოკიოში გამოფენაზე - „FOODEX JAPAN 2025“ ექვსი ქართული კომპანია, მათ შორის, „კულა“ მონაწილეობდა, რომელიც წლებია გორში სხვადასხვა სასურსათო პროდუქტს ქმნის.