ინფრასტრუქტურის სამინისტროს რევაზ სოხაძე უხელმძღვანელებს.
ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა რევაზ სოხაძის განათლების და სამუშაო გამოცდილების შესახებ ისაუბრა და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა.
„რევაზ სოხაძე ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრია. მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. რევაზ სოხაძე წლების განმავლობაში კერძო სექტორში მაღალ, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა. 2017 წლიდან კი თბილისის საკრებულოს წევრია, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. მინდა, ბატონ რევაზს წარმატებები ვუსურვო ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე რევაზ სოხაძემ ირაკლი ქარსელაძე შეცვალა, რომელიც ხელმძღვანელის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა.