პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა 2025“-ის ფარგლებში, გორის გუნდი ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატის გამარჯვებული და თემო სახოკიას სახელობის გარდამავალი თასის მფლობელი გახდა.
ტურნირში ომის ვეტერანები, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლები, პარასპორტსმენები, სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
„პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციას და მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიება „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, ქუთაისის, გორის, კასპის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიების მხარდაჭერით, თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პარტნიორობით გაიმართა.