საზოგადოება
26.03.2020 18:22
ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება და დასაქმებულები საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებით მოქმედებენ - გორის მერი

ახალი კორონავირუსის გავრცელები გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება და დასაქმებულები საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციებით მოქმედებენ.

„ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად ხორციელდება ყველა ის ინფრასტრუქტურული სამუშაო, რაც წლის დასაწყისში დაიგეგმა. რიგი პროექტები აქტიურ ფაზაშია, რიგი მათგანის შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერები, ზოგიერთი მათგანი კი, ხელშეკრულებების გაფორმების ეტაპზეა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მშენებელი კომაპნიები საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით მოქმედებენ და ყველა ობიექტზე დაცულია დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების ზომები“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ქალაქის მასშტაბით - ბარათაშვილის ქუჩა, ქართველ მსროლელთა დივიზიის ქუჩა, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო, ბარნოვის ქუჩა - ნაპირსამაგრი სამუშაოები და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სოფელ თედოწმინდაში, აქტიურად მიმდინარეობს საბაზო სკოლის მშენებლობის პროცესი. შეფერხების გარეშე ხორციელდება ავტოსადგომის მშენებლობაც კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ასევე, უპატრონო ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის პროექტიც. ამასთან, აქტიურ ფაზაშია ნადარბაზევის, ქერეს, არაშენდისა და ვარიანის მეურნეობის დასახლებებში სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტები. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება ვარიანი-არაშენდის დამაკავშირებელ გზაზე, ასევე, ხორციელდება კირბალი-ბერშუეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტიც. დაგეგმილ ვადებში დასრულდება ფლავი-ფლავისმანი-ქვეშის დამაკავშირებელი გზის ასფალტირებაც. ამასთან, გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში აქტიურად მიმდინარეობს სავარგულებთან მისასვლელი გზების მოასფალტების სამუშაოებიც.

კვირის ამბები