26.03.2020 17:20
გამოცდებზე რეგისტრაციის ვადები გახანგრძლივდა, იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების დრო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2020 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა. აქვე გაცნობებთ, რომ თუ აპლიკანტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს. ნებისმიერი დამატებითი ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებგვერდებზე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გადაწყვეტილებებს განათლების სამინისტროსთან ერთად, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად იღებენ.