გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დრომდე შეინიშნება ატმოსფერული ჰაერის კვამლით დაბინძურება და კვამლის სუნი. აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში ღამის საათებში მოსალოდნელი ყინვისგან მოსავლის დასაცავად ხეხილის ბაღებში ფერმერებს ცეცხლი ენთოთ.
მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურის შესახებ შეტყობინება შიდა ქართლის მოსახლეობამ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან 11 აპრილს მიიღო.
,,13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნული იყო გამაფრთხილებელ ტექსტურ შეტყობინებაში, შესაბამისად, მეურნე ფერმერებმა სოფლად ნაცადი მეთოდის გამოყენება გადაწყვიტეს და ცეცხლი უამრავ ადგილზე დაანთეს.
დაიცვა თუ არა ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის მოსავალი ყინვისგან ცეცხლმა, დღეს გახდება ცნობილი.