საზოგადოება
26.03.2020 16:24
ბოლნისში ჩატარებული სწრაფი ტესტით ორსულს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა - მოქმედებს თუ არა ვირუსი ნაყოფზე

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სწრაფი ტესტირებისას, ახალგაზრდა ქალს,  22 კვირის ორსულს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. პაციენტი თბილისის  საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

საუნივერსიტეტო კლინიკის პერინატოლოგიის მიმართულების ხელძღვანელის, მეან-გინეკოლოგ პაატა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, არ არსებობს დადასტურებული კვლევები, რომ კორონავირუსი ორსულებში ძალიან მძიმედ მიმდინარეობს ან პირიქით,

„მიუხედავად იმისა, რომ ორსულებში იმუნოლოგიური, ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ასეთი ინფორმაცია არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის. რაც შეეხება კორონავირუსისგან თავდაცვის საშუალებებს, ორსულების შემთხვევაშიც იგივეა, რაც შეიძლება იყოს არაინფიცირებული, ჯანმრთელი ადამიანებისთვის. რაც შეეხება, ორსულებში Covid-19-ის მიმდინარეობას, მეან-გინეკოლოგის თქმით, ორსულობის დროს სირთულეებს მაღალი ტემპერატურა იწვევს, რაც კორონავირუსს არ ახასიათებს, სხვა გართულებებზე კი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

ასევე, რაც შეეხება მეძუძურ დედებს, რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაინფიცირებული დედამ უნდა შეწყვიტოს ახალშობილის კვება, არ გაიცემა. კორონავირუსის მატარებელ დედას ძუძუთი ბავშვის გამოკვება არ ეკრძალება”, - განაცხადა მეან-გინეკოლოგმა მედიასთან.

ექიმის თქმით, კორონავირუსის მატარებელ დედებს, მშობირაობის შემდეგ, სრულიად ჯანმრთელი ბავშვები გაუჩნდათ. შესაბამისად, ვირუსი, მუცლადყოფნის დროს, ბავშვზე არ გადადის.

იგივე მოსაზრება აქვს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ნაყოფზე არ მოქმედებს და საერთოდ, ორსულებში რამე განსაკუთრებული განსხვავებები არ არის დაფიქსირებული. შესაბამისად, ორსულებზეც ყველა ის რეკომენდაცია ვრცელდება, რაც არაორსულზე.
,,covid-19 ახალია და მის შესახებ ყველაფერი არ ვიცით, მაგრამ დღევანდელი ცოდნით, ის ნაყოფზე არ მოქმედებს და საერთოდ, ორსულებში რამე განსაკუთრებული განსხვავებები არ არის დაფიქსირებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კვირის ამბები