შტამი - COVID-19 კორონავირუსების ოჯახს განეკუთვნება და ის ახალი, დღემდე უცნობი ვირუსია. ახალი კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება, ბოლო მონაცემებით (2020 წლის 26 მარტი) მსოფლიოში 480 446 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა 21 571 ინფიცირებული.
როგორც ყველა რესპირატორული დაავადება ან სეზონური გრიპი, ახალი კორონავირუსიც მეტად საშიშია რისკ-ჯგუფებისთვის, რომელსაც განეკუთვნებიან ადამიანები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით ან 70 წელს გადაცილებულები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მარტის მონაცემებით, COVID 19-ის სიკვდილიანობის კოეფიციენტი 3.4-ია.
GMnews-ი გთავაზობთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და პასუხებს, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით.
როგორია ახალი კორონავირუსის სიმპტომები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) ყველაზე ხშირი სიმპტომები არის სიცხე, დაღლილობის შეგრძნება და მშრალი ხველა. ზოგ პაციენტს აღენიშნება სხეულში ტკივილებიც, ცხვირის დაგუბება, სურდო და დიარეა. ასევე, ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირებისას გემოს და სუნის შეგრძნების დაქვეითება, თუმცა, ინფიცირებულთა ნაწილის შემთხვევაში, ვირუსული ინფექცია უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. დაავადებულთა უმეტესობას (დაახლოებით 80%-ს) არ სჭირდება განსაკუთრებული სამედიცინო ჩარევა. 6-დან 1 ინფიცირებულს აღენიშნება მძიმე ფორმით გართულება.
რა გართულებებს იწვევს COVID-19
ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, მათ, ვისაც აწუხებთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი წნევა, დიაბეტი. რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ხანდაზმულებიც.
ახალმა კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის გაძნელება.
არსებობს თუ არა ვაქცინა
ახალი კორონავირუსის ვაქცინა ან პრეპარატი ჯერჯერობით არ არსებობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები მის შესაქმნელად მუშაობენ. ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ექიმები სიმპტომების მიხედვით მკურნალობენ.
რამდენ ხანს რჩება ვირუსი საგნების ზედაპირზე
ახალი კორონავირუსი საკმაოდ გამძლეა, ის სხვადასხვა ზედაპირზე, მასალის მიხედვით, სხვადასხვა ხანგრძლივობით რჩება და რამდენიმე საათს ან დღესაც ცოცხლობს. ჯერჯერობით ბოლომდე უცნობია, როგორ მოქმედებს ტემპერატურა ახალ კორონავირუსზე.
როგორ დავიცვათ თავი
მოვერიდოთ ინფიცირებას - ესაა საუკეთესო გზა ვირუსისგან თავის დასაცავად
• მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს
• დაიცავით დისტანცია ადამიანებთან შეხვედრისას
• მოერიდეთ თვალებზე, ცხვირსა და პირზე დაუბანელი ხელით შეხებას
• ხელები დაიბანეთ საპნით სულ მცირე 20 წამის განმავლობაში ან გაიწმინდეთ სპირტის შემცველი გელით/ხსნარით