საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, დღეიდან, 28 მარტიდან, პაციენტებს მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ, - ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სახსრის ნაწილობრივი, ან სრული ჩანაცვლებისთვის, მათ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, ერთჯერადად, უარის თქმა აღარ მოუწევთ. პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას გადაიხდის, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე პაციენტების ინტერესების და მოთხოვნის გათვალისწინებით, სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური მუშაობის შედეგად ამოქმედდა.
„პაციენტებს თავისუფალი არჩევანის საშუალება რჩებათ. თუ ბენეფიციარს თანაგადახდით სარგებლობა არ სურს, ოპერაციის ხარჯებთან ერთად, პროგრამით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილობის ხარჯსაც სახელმწიფო დაფარავს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი რეგულაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების - FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალებს იყენებს“, - აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისთვის, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში თანაგადახდის სისტემა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა - პირველ ეტაპზე სიახლე არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობას შეეხო და როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პროცესი გაგრძელდება და ეტაპობრივად სხვა სერვისებზეც გავრცელდება.