ახალგაზრდებში ინოვაციური და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლაში შეხვედრა თემაზე: „მეწარმეობის უნარ-ჩვევების გაძლიერება ახალგაზრდებში“ გაიმართა.
საგანმანათლებლო აქტივობა პროექტის - „განათლება უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.
როგორც „გორის მაცნესთან“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მერი მაყიშვილმა აღნიშნა, პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციური და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაა.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩატარდა პირველი შეხვედრა, რომელსაც ტრენერი ლანა ფერაძე უძღვებოდა და ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მეწარმეობასთან დაკავშირებით.
გეტყვით, რომ პროექტის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარებისთვის არაერთი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი. მათ შორის, საგანმანათლებლო ტრენინგები, შეხვედრები წარმატებულ ადამიანებთან, გასვლითი ღონისძიებები და კონკურსები, ახალგაზრდებისთვის, ასევე, მოეწყობა ბანაკიც“, - აღნიშნა მერი მაყიშვილმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ბეთლემი“, სკრის თემში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი ახალგაზრდებისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, არაერთი აქტივობა განახორციელა.