კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ფიზიკური სამუშაოები ეპიდემიური ვითარების გამოსწორების შემდგომ, უახლოეს დროში დაიწყება და სარესტავრაციო-საკონსერვაციო და გაწმენდითი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით წარიმართება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გორის ციხე, ქვემო ჭალის ჯვარპატიოსნის ეკლესია (კასპის მუნიციპალიტეტი), დაბა სურამის ლესია-უკრაინკას სახლ-მუზეუმი, სურამის ციხე, გუდაბერტყას და გრაკლიანის ნამოსახლარები - ეს შიდა ქართლში მდებარე იმ ისტორიულ-არქიტექტორული ობიექტების ჩამონათვალია, რომლებზეც სააგენტო გარკვეული ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს.
GMnews-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში, ასევე, მომზადდება საპროექტო და კვლევითი დოკუმენტაციები უფლისციხის შესახებაც.
„კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უწყების სამსახურები დისტანციური მეთოდით განაგრძობენ ფუნქციონირებას.შესაბამისად, ამ ეტაპზე,
კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის პრინციპების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არქიტექტურულ ძეგლებზე საპროექტო-სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური ობიექტების კვლევა-ძიების პროგრამული გეგმის განხორციელებას. დაგეგმილი სარესტავრაციო, საკონსერვაციო, საპროექტო, კვლევითი და სამეცნიერო-არქეოლოგიური პროექტების სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტოს მიერ უკვე გამოცხადებულია 51 სახელმწიფო ტენდერი, რომელთა პროცედურების გავლის შემდეგ სათანადო ხელშეკრულებები გაფორმდება. ამავე მიმართულებით მზადდება სატენდერო დოკუმენტაციები კიდევ 20 ობიექტზე, რომლებზეც განაცხადები მომდევნო თვეებში გაკეთდება“- ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.