შიდა ქართლში ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში - 75 ბავშვზე, სოფელ თვალადში - 100 ბავშვზე, სოფელ ფერმა-ჩანგილარში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა და სოფელ თეზიში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები „ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7.5 მილიონი ლარით დაფინანსდა.
რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყო საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყო რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღები, ასევე, სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარით აღჭურას კი კასპის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი შიდა ქართლის რეგიონში, ჯამში, 28 ბაღის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებდა. უკვე დასრულებულია 10 ბაღის მშენებლობა და 1 ბაღის რეაბილიტაცია. პროექტები „ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60.5 მილიონი ლარით ფინანსდება. პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.