გორის მუნიციპალიტეტმა სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამედროვე ტიპის ავტობუსები გადასცა.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ახალი ავტობუსები სააგენტოს აღსაზრდელებს მოემსახურება და საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სპორტულ წრეებში ჩართულ მოზარდებს და მწვრთნელებს ახალი სატრანსპორტო საშუალებების მიღება მიულოცეს და სპორტის განვითარების და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„სააგენტოში სპორტის სხვადასხვა სახეობას 3 000-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება, რომლებიც გასვლით ტურნირებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი სპორტსმენების განვითარებას ხელს შეუწყობს. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ახალგაზრდების სხვადასხვა შეჯიბრზე კომფორტულ და უსაფრთხოდ გამგზავრებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.