კონფლიქტები
26.03.2025 15:39
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები