საზოგადოება
25.03.2020 14:22
მეჯვრისხევის სამკერვალოში პირბადეებს უფასოდ კერავენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში პირბადეებს კერავენ და მსურველებზე უფასოდ გასცემენ. როგორც სამკერვალოს დამფუძნებელი, ნინო უმეკაშვილი GMnews-თან საუბრისას ამბობს, უკვე 1500-მდე პირბადე აქვთ გაჩუქებული და კერვის პროცესი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, პირბადეების მოთხოვნით, მოსახლეობა მეზობელი სოფლებიდან აქტიურად აკითხავთ, ასევე, უსასყიდლოდ გადასცეს 30 ერთეული ნიღაბი „საქართველოს წითელ ჯვარსაც“.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩემი წვლილი შემეტანა კორორნავირუსის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში. გადავწყვიტე, ჩემს სამკერვალოში შემეკერა და მოსახლეობისთვის უფასოდ დამერიგებინა პირბადეები. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მაღალია მოთხოვნა და მოქალაქეთა ჩართულობაც. ადგილობრივებს თავად მოაქვთ სხვადასხვა ქსოვილი და უსასყიდლოდ გვაძლევენ, რომ მეტი პირბადის შეკერვა შევძლოთ. მკერავები არ გვყავს, სულ ოთხნი ვმუშაობთ და აქედან ერთი მათგანი ჩვენი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატია, რომელმაც კერვა ახლა ისწავლა. გვერდში გვიდგას ადგილობრივი ხელისუფლება, მათი და მოსახლეობის დახმარებით, შეგვიძლია გავაკეთოთ კეთილი საქმე და ერთად დავამარცხოთ ეპიდემია“, - ამბობს GMnews-თან საუბრისას ნინო უმეკაშვილი.

სამკერვალო საწარმოს შიდა ქართლის გუბერნატორი ესტუმრა და მუშაობის პროცესს გაეცნო.

„მსოფლიო პანდემიის პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, მოსახლეობის უსაფრეთხოებისთვის, ყველა რეკომენდაციის დაცვას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთ დამცავ საშუალებად მიჩნეულია პირბადეებით სარგებლობა. ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ დავინახეთ რამდენიმე მაღალპასუხისმგებლობიანი საწარმო, ერთ-ერთი გახლავთ მეჯვრისხევის სამკერვალოც, რომელიც პროექტის - „აწარმო საქართველოში“ ფარგლებში დაფუძნდა და საკერავი მანქანები შეიძინა, ამ საწარმომ, საკუთარი სურვილით, უსასყიდლოდ შეკერა პირბადეები და გადასცა მოსახლეობას. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გიგი ხოჯევანიშვილმა.
კვირის ამბები