საზოგადოება
25.03.2020 14:02
რა მიზეზს ასახელებენ ტაქსების კომპანიები მგზავრობის საფასურის გაზრდის არგუმენტად
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილი ტაქსებით მომსახურებით სარგებლობს, თუმცა, სოციალურ ქსელში ბევრი წერს უკმაყოფილო პოსტებს, რომელიც სწორედ ტაქსით გადაადგილებისას მნიშვნელოვნად გაზრდილი საფასურის შესახებ მიუთითებს. GMnews გორში მოქმედ რამდენიმე ოფისს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ქალაქში იგივე ტარიფი მოქმედებს, რაც შეეხება თბილისში ან სხვა ქალაქში მგზავრობას, ამ შემთხვევაში საფასურმა მოიმატა.
„ჩვეულებრივ პირობებში, თბილისამდე მგზავრობა ერთი ადამიანისთვის 5 ლარი ღირდა, თუმცა, მოქმედი რეგულაციებისა და შეზღუდვების ფონზე, მინივენის მძღოლებს მხოლოდ 3 მგზავრის გადაყვანის უფლება აქვთ, შესაბამისად, გაიზარდა მგზავრობის საფასურიც. რაც შეეხება შიდა გადაადგილებას, მომხმარებელს იგივე ტარიფით ვემსახურებით“, - აღნიშნეს GMnews-თან საუბრისას ერთ-ერთ ოფისში. 
ანალოგიური სიტუაციაა სხვა ოფისებშიც, ის ოპერატორიბი, რომლებიც მხოლოდ შიდა გადაადგილების სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს, ამბობენ, რომ ტარიფი არ გაძვირებულა, რაც შეეხება სხვა ქალაქში გადაყვანას, ამ შემთხვევაში საფასურის მატება მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვამ გამოიწვია. 
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 მარტიდან, საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. რეგულაცია ეხება ავტობუსებს, მიკროავტობუსებსა და მატარებლებს. ქალაქებს შორის ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდული არ არის. საბჭოს რეკომენდაციები ეხება ტაქსებსაც - მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურული არ უნდა იყოს. ასევე, მძღოლი უნდა იყენებდეს პირბადეს და უნდა გადაიყვანოს მაქსიმუმ ორი მგზავრი, რომლებიც მოთავსებული იქნებიან უკანა სავარძელზე დისტანციის დაცვით.
კვირის ამბები