დღეს, 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან, წელს 108 წელი შესრულდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს ანტიოქიის ეკლესიისგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ის 1811 წელს გააუქმა. მას შემდეგ ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა, ეს წერილობით არ ყოფილა დადასტურებული. მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს სცნო.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ ერს საქართველოს ავტოკეფალიის ადგენის დღე სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა.
„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!
1917 წლის 25 მარტს, ქართული სამღვდელოების საგანგებო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა — ეს გახლდათ ეროვნული თვითმყოფადობისა და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი.
ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად მაშინ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მამულიშვილები – როგორც საერო, ისე სასულიერო პირები იბრძოდნენ, რითაც განამტკიცეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
თუმცა, მაშინ ეს მხოლოდ ბრძოლის დასაწყისი იყო - მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება 1990 წელს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უდიდესი ძალისხმევითა და ავტორიტეტით მოხერხდა, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდი მას.
დღესაც, ეკლესია ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, სულიერი სიმტკიცისა და ეროვნული ერთობის საფუძველს წარმოადგენს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. გისურვებთ მშვიდობასა და სულიერ სიმტკიცეს.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესია და სამშობლო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.