გორის მოხალისეთა ჯგუფის წევრებისთვის, ორგანიზაცია ,,წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე მდებარე ღია კინოთეატრში ტრენინგი ჩაატარეს.
,,წითელი ჯვრის“ ტრენერებმა მოხალისეებს იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია ინფიცირებისგან თავდასაცავად და საზოგადოებისთვის რეკომენდაციების უსაფრთხოდ მიწოდებისთვის.
შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორი გიგი ხოჯევანიშვილიც შეუერთდა. ,,პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოხალისეს, რომელიც ამ რთულ პერიოდში თავდაუზოგავად შრომობს და საკუთარი წვლილი შეაქვს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში. მოხალისეებს, რომლებიც ეხმარებიან მოქალაქეებს და იჩენენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას.
იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ჯანმრთელობის უსაფრთხოებას ეხება, მნიშვნელოვანია სწორად დავიცვათ ელემენტარული წესები. ეს იქნება ნიღბის გამოყენება თუ სხვა ფაქტორები. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა მათთვის პროდუქტიული იქნება. გორის გარდა, მსგავს შეხვედრებს ვგეგმავთ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც”, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.