კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, გორში ქუჩებისა და სკვერების სანიტარული დამუშავება მიმდინარეობს
გორში, ქუჩების, სკვერების და ურნების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ღამის საათებში, მოირეცხა ცენტრალური ქუჩები, ასევე, ადგილები, სადაც მოსახლეობა მეტად გადაადგილდება, დამუშავდა სპეციალური ხსნარით.
გორის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, ბაჩანა გვიანიშვილის თქმით, დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გორში მიმდინარე ღონისძიებებს უშუალო მეთვალყურეობას უწევენ შიდა ქართლის გუბერნატორი გიგი ხოჯევანიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.
,,ჩვენს რეგიონში პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ვითვალისწინებთ ყველა არსებულ რეკომენდაციას იმისტვის, რომ ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს. ასევე, მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი”, - განაცხადა მხარის რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა.
,,ყველა ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ რისკები მინიმუმადე შევამციროთ. მთავარია, მოსახლეობამ დაიცვას არსებული რეკომენდაციები და თავი შეიკავოს გადაადგილებისა და აქტიური კონტაქტებისგან“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, ქუჩებსა და სკვერებში ინტენსიური სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდება რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში.