საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.
საფეხბურთო მატჩი ქართველების სასარგებლოდ, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
სომხების კარში პირველი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე კი ორი გოლია.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის თანახმად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი მამარდაშვილი პირველი მეკარეა, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ვფიქრობ, ბურთის ფლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. კონტრშეტევებზე კარგი თამაშით აქამდეც გამოვირჩეოდით, პირველ ნახევარში კი უფრო პოზიციურად ვცადეთ თამაში და ეს საინტერესო იყო. რა თქმა უნდა, მეორე ნახევარში, როდესაც ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, თამაშის ხასიათი შეიცვალა და ტემპიც აღარ იყო ისეთი მაღალი.
საპასუხო მატჩში გარკვეული ცვლილებები იქნება. გვიბრუნდება გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია. როგორც ყოველთვის, ვეცდები ისეთი შემადგენლობა შევარჩიო, რომელიც საუკეთესო თამაშს აჩვენებს. უნდა ვკონცენტრირდეთ მომდევნო მატჩზე და ვეცადოთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ. შესაძლოა, სხვა ფეხბურთელების შესრულებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოთამაშეებს, რომლებიც მოედანზე გავლენ, ექნებათ სურვილი მაჩვენონ მე და მთელ ქვეყანას, რომ იმსახურებენ თამაშს“, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
ცნობისთვის, საპასუხო შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“, 23 მარტს გაიმართება.