გ. ერისთავის სახელობის თეატრში კიდევ ერთ პრემიერას აანონსებენ.
ვაჟა ფშაველას უკანასკნელი დღეების ქრონიკას სცენაზე რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე გააცოცხლებს.
სპექტაკლის სახელწოდებაა „მთებმა დახუჭეს თვალები“, სცენარი კი პოემის - „ალუდა ქეთელაური“ მიხედვით დაიწერა.
წარმოდგენაში გორის თეატრის მსახიობებთან ერთად, მოწვეული არტისტებიც მონაწილეობენ: ომარ ბექაური, გიორგი გოგუაძე, კახი გაზდელიანი, გიორგი გელაშვილი ( შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი), ელენე დარჩია, ზაზა თედელური, სოსო მგალობლიშვილი, ანა ლევენცი (ქობულეთის დრამატული თეატრი), დავით დარჩია (რუსთაველის ეროვნული თეატრი), ქეთი ხიტირი (რუსთაველის ეროვნული თეატრი), მაკა შალიკაშვილი, ნოდარ ცერცვაძე და ამირან ქაჩიბაია.
შეგახსენებთ, გორის თეატრში პარალელურად მეორე პრემიერისთვის სამზადისიც დაწყებულია. თანამედროვე რეჟისორი გიორგი თენაძე თეატრისმოყვარულებს ფრიდრიხ დიურენმატის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს სახელწოდებით - ,,მილიარდერი ქალბატონის ვიზიტი“ წარუდგენს.