დღეს, 20 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას გამართავს.
ქართველები სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
საფეხბურთო მატჩი ერევანში ჩატარდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
„ეს დერბია და ასეთი ტიპის თამაშებში ფავორიტი არ არსებობს. ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება, თუმცა მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ და სომხეთს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ.
ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშებიდან მოყოლებული ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა გასვლით მატჩებში განსაკუთრებულად იგრძნობა. მაგალითად ბულგარეთში, გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე ადგილობრივი გულშემატკივრები და ეს საოცარი მხარდაჭერა იყო. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მათი მხარდაჭერა გვჭირდება უკეთ სათამაშოდ. ისინი ჩვენგან ყოველთვის მეტს ითხოვენ და იმსახურებენ ამას. ბედნიერი ვარ, რომ ხვალ კიდევ ერთხელ ვნახავთ მათ და ისევ ისე ვიგრძნობთ მათ მხარდაჭერას, როგორც ეს ხშირად ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში“, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.
შეგახსენებთ, ფეხბურთის გორელ გულშემატკივარს საშუალებას აქვს, ნაკრების თამაში დიდ ეკრანზე იხილოს. საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია გორის თეატრის სკვერში ჩატარდება.