საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდს - stopcov.ge ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე უკვე ფუნქციონირებს ვებ-გვერდის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც უახლოეს დღეებში კიდევ უფრო დაიხვეწება, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საიტის სომხურენოვან ვერსიაზეც.
„მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების, ასევე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სხვა ეთნიკური მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, კორონავირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან აქტიურად მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველა მითითება და რეკომენდაცია ითარგმნა, ჩაიწერა ვიდეომიმართვები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც გაშუქდა როგორც ადგილობრივი მედიასაშუალების, ასევე, სოციალური ქსელების მეშვეობით. რეგიონის მოსახლეობას ეთნიკური უმცირესობების ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა სახლებში მიეწოდება. საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია მუდმივად ითარგმნება. დღეიდან ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება stopcov.ge-ს აზერბაიჯანულ ვერსიაშიც“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.