რეგიონი
07.10.2019 16:23
ძამას ხეობის 15 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

ძამას ხეობაში გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, გზის საფარის მოწყობასთან ერთად, ხიმინჯებისა და გაბიონების, ასევე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობასაც ითვალისწინებს.

ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, მოადგილესთან, სიმონ გულედანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

,,აღნიშნული პროექტის განხორციელებას უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, გადაჭრის მოსახლეობის მრავალწლიან პრობლემას და ამ სოფლების მაცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. მეორეც - ამ ტერიტორიაზე უამრავი ეკლესია-მონასტერი თუ ტურისტულად მიმზიდველი ადგილია, ეს გზა კი, იქამდე მისასვლელად ერთადერთი საშუალებაა. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - არსებობს სამომავლო პერსპექტივა, რომ ამ გზის საშუალებით ჩვენი ხეობა ბაკურიანს დაუკავშირდეს და ორ რეგიონს შორის დამაკავშირებელი სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინოს“ - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის 14 მილიონ ლარამდე გაიხარჯება და 2020 წლისთვის დასრულდება.

 

კვირის ამბები