პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა 2025“ ფარგლებში, ბაკურიანში წყვილთა შორის გამართულ მშვილდოსნობის ჩემპიონატში გორელმა სამშვიდობო მისიაში დაჭრილმა რევაზ გორგაძემ თბილისელ შშმ პირთან ლია ქიმერიძესთან ერთად, მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები, მონაწილეებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.
„აქტივობა „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, გორის, თბილისის, მარნეულის, საგარეჯოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ტყიბულის, ქუთაისის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მერიების თანადაფინანსებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, „აჭარაბეთის“, „სოკარის“ და „ტოიოტაკავკასიას“ მხარდაჭერით გაიმართა. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციას და მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას“, - აცხადებენ გორის მერიაში.