საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ მერვედ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია.
„ბორჯღალოსნებმა“ ფინალურ მატჩში ესპანეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 46:28 დაამარცხეს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.
მთავრობის მეთაურმა მორაგბეებს 2025 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალში გამარჯვება და სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა.
„ჩვენთვის, ქართველებისთვის რაგბი არის განსაკუთრებული თამაში. საქართველოში რაგბი 70-იანი წლებიდან ვითარდება და არაერთ წარმატებას მივაღწიეთ, რაც მომავალშიც გაგრძელდება. წინ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2 წელიწადში გაიმართება და იქ გვჭირდება ასეთივე გარდამტეხი წარმატება - ეს იქნება ჯგუფიდან გასვლა. თქვენ ღირსეული თაობის ღირსეული წარმომადგენლები ხართ, რომელიც აგრძელებს რაგბის განვითარებაზე ზრუნვას და მინდა, მომავალშიც წარმატებები გისურვოთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.