სამართალი
12.03.2025 12:34
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების - 9 მლნ-ის გაფლანგვის საქმეზე, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან - 2025 წლის 12 მარტიდან დასასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

,,მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნით თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის, მე-4 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენის საფუძველზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნით თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან 2025 წლის 12 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, მის მიმართ ბრალი გადაკვალიფიცირდა.

,,თეიმურაზ ჯანაშიას ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. თეიმურაზ ჯანაშია ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ელი ნაწილთ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით. 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნით თანამდებობის დაკავების უფლება“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების - 9 მლნ. ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

წარდგენილ ბრალდებაში ორივე პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.სააკაშვილი და ჯანაშია სხდომაზე არ გამოცხადებულან.

კვირის ამბები