კონფლიქტები
11.03.2025 20:09
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა  უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო ორი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.

,,ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

კვირის ამბები