საზოგადოება
24.03.2020 13:44
30 მარტიდან სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება პირდაპირ ეთერში განხორციელდება
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 30 მარტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება. მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ინიციატივა პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა, ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს. ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშრებით. 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა, ამ პანდემიის პირობებში, ესეც წინგადადმული ნაბიჯია და ჩვენ მივესალმებით იმას, რასაც განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთობლივად აკეთებენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა, ასევე, მოუწოდა ინტერნეტ პროვაიდერებს, რომ გაითვალისწინონ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან.
კვირის ამბები