საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 9 პაციენტი განიკურნა - ინფორმაციას თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს მარინა ეზუგბაია ადასტურებს. ოფიციალური მონაცემებით, 8 პაციენტმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ხოლო კლინიკაში კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტია, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს დღეს დატოვებს.
„ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 66 დადასტურებული შემთხვევა. ამ 66 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებული და გაწერილია 8 შემთხვევა. ამ ეტაპზე კლინიკაში კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი რჩება. უბრალოდ დამატებითი გადამოწმება სჭირდებოდა მის კლნიკიკურ მონაცემებს და დღეს, ალბათ, მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს და გამოდის რომ 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს უკვე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 66 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235 პირი იმყოფება.