გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, მიმდინარე არდადეგების პერიოდში, ბაგა-ბაღებში გამოსაყენებელი არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემას ყველა აღსაზრდელზე გეგმავს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, თუმცა, გვიდასტურებს იმ ფაქტს, რომ პროდუქტები ყველა აღსაზრდელზე გაიცემა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა.
„მოგეხსენებათ, პირველ ეტაპზე, არსებული პროდუქტები სოციალურად დაუცველ აღსაზრდელებზე გავეცით, თუმცა, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, ახლო მომავალში დაიწყება პროდუქტების ყველა აღსაზრდელზე გაცემაც. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რაც გულისხმობს არამალფუჭებადი პროდუქტების შესყიდვას, შემდეგ უკვე დაფასოებას და ბაღებში გადანაწილებას. შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ პროდუქტი გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების ყველა აღსაზრდელზე გაიცემა“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელმა ლია კოვზიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თითოეული საბავშვო ბაღიდან მშობლებს დაუკავშირდებიან და პროდუქტების გატანის ვადებზე ინდივიდუალურად შეუთანხმდებიან.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 6000 აღსაზრდელი ირიცხება.