საზოგადოება
23.03.2020 16:17
მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეუძლია - მამუკა ლომსაძე
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად შეუძლია. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სავაჭრო ობიექტები.
„მოგეხსენებათ, აღნიშნულ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, იქნება ეს მიწის სავარგულების დამუშავება თუ ხეხილის ბაღების წამლობა. საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, სწორედ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სავაჭრო ობიექტებს, რომლებიც აგროქიმიკატების რეალიზაციას ახდენენ, ფუნქციონირება არ შეეწყვიტათ, შესაბამისად, მეურნე-ფერმერებს საშუალება აქვთ, საქმიანობა აგრო-ვადების დარღვევის გარეშე აწარმოონ,“ - განაცხადა GMnews-თან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მამუკა ლომსაძემ.
შეგახსენებთ, ზემოხსენებულ დაწესებულებებთან ერთად, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქმიანობის უფლება არ შეეზღუდა სურსათის მაღაზიებს, სააფთიაქო-სამედიცინო და ეკონომიკური პროფილის მქონე რამდენიმე სამეწარმეო დაწესებულებას.
კვირის ამბები