საქართველოს რეგიონებში კვლავ გრძელდება უამინდობა, რაც გარკვეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ.133-კმ.162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით და ჰაერის ტემპერატურის კლება.
უფრო დეტალურად:
გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ამაღამ მცირე თოვლია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა კი -5-7 გრადუსამდე დაიკლებს.
სინოპტიკოსების ცნობით, გორში თოვაა მოსალოდნელი 24, 25, 26 და 27 თებერვალსაც და ყინვა შენარჩუნდება როგორც ღამით, ასევე დღის საათებშიც.
უნალექო ამინდი, თუმცა, მკვეთრად დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 28 თებერვალს და 1-ელ და 2 მარტს.
28 თებერვალს ღამის საათებში გორში ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის დასახლებულ პუნქტებში კი -13-14 გრადუსია ნავარაუდევი.
3-4 მარტს კვლავ მოსალოდნელია ნალექი თოვლჭყაპის სახით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -5 გრადუსამდე დაეცემა.