კონფლიქტები
14.02.2025 19:55
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123-ე შეხვედრა დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123-ე შეხვედრა დასრულდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრისას, ძირითადი მსჯელობა შეეხო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს.

,,შეხვედრაზე განვიხილეთ 19 ნოემბრიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, მთავარი აქცენტი გაკეთდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლებაზე, გაზიარებულ იქნა გარკვეული ინფორმაცია ზოგიერთ ჩვენს თანამოქალაქესთან დაკავშირებით, კერძოდ, იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის საქმეზე. როგორც გაგვიზიარეს ინფორმაცია, მათ მიესაჯათ უკანონო პატიმრობა 2 წლის და 6 თვის ვადით, დანარჩენი ჩვენი თანამოქალაქეები კი ელოდებიან ე.წ. სასამართლოს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წარსულშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაცილებით მეტი ე.წ. სასჯელი იქნა შეფარდებული უკანონოდ დაკავებულთათვის, მაგრამ მოლაპარაკების არსებული ფორმატების გამოყენებით, ჩვენი თანამოქალაქეები გაცილებით ადრე დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში. რაც შეეხება ამ ორ პირს, მათ ედავებოდნენ ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას და ასევე, უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს თამაზ გინტურის მკვლელობის და ამასთან უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.

,,რაც შეეხება უკანონო ბორდერაზაციის ფაქტებს, ჩვენ გავიარეთ თითოეული ფაქტი დეტალურად. ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დესტრუქციულ ხასიათზე და ასევე მითითებულ იქნა კონკრეტული ლოკაციები, სადაც განხორციელდა აღნიშნული უკანონო პროცესი, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი იყო სტანდარტული.

მსჯელობის დროს, გავააქტიურეთ თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი და ამასთან დაკავშირებითაც პოზიცია არის უცვლელი, თუმცა, ცენტრალური ხელისუფლებისთვის სამართლის აღსრულება არის პრიორიტეტი როგორც გინტურის, ისევე ჩვენი იმ თანამოქალაქეების საქმეებზე, რომლებიც იქნენ მოკლულნი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

კვირის ამბები