ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიპის პიკი გადასულია - B ტიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 49%-ს შეადგენს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გაქვთ, „ღორის გრიპი“ თუ B ტიპის ვირუსი, ორივეს ჯანმრთელობის იდენტური რისკები აქვს, ორივე საყურადღებოა,- ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„ქვეყანაში, დეკემბრის ბოლო კვირიდან გრიპის ვირუსი დომინანტურია. უმრავლეს შემთხვევაში B ტიპის დადასტურებული შემთხვევები გვაქვს. B ტიპის ვირუსს განიხილავენ, როგორც „ღორის გრიპზე“ სუსტს. ეს არ არის სწორი! არ აქვს მნიშვნელობა B ტიპის ვირუსი გაქვთ თუ A, ორივე გრიპია და ჯანმრთელობის რისკები პრაქტიკულად იდენტურია - ორივე საყურადღებოა. ახლა დომინანტურია B ტიპი. „ღორის გრიპის“ მაჩვენებელი 18%-ია, B გრიპის - 49%. მკურნალობა, რისკები, პრევენცია იდენტურია! ვინც ოთხკომპონენტიანი ვაქცინა გაიკეთა, მინდა იცოდეს, რომ მასში ზუსტად ეს ვარიანტები შედიოდნენ. აღნიშნული ვაქცინა გრიპის ორივე ვარიანტის მიმართ არის ეფექტური. ზუსტად ემთხვევა იმ ვირუსების გავრცელებას, რაც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს.
პედიატრიულ კლინიკებს რაც შეეხება, მიმართვიანობა მაღალია. თბილისში და რეგიონის დიდ პედიატრიულ კლინიკებში მიმართვიანობის უკან დგას მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციები, გრიპით გამოწვეული მიმართვიანობა. დეკემბრიდან დაწყებული სტაბილურად მაღალია მომართვიანობა. ეს გაზრდილი მომართვიანობა არ აჭარბებს იმ სტატისტიკას, რაც გვქონდა გასულ, ან 2023 წელს“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.