გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14 თებერვლის სხდომაზე ხმაური იყო, რაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფის სხდომათა დარბაზში შესვლას მოჰყვა.
სხდომათა დარბაზში შესული მოქალაქეების სახელით თეონა ფანქველაშვილმა განაცხადა, რომ მათ კითხვები ჰქონდათ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თუმცა, დავით რაზმაძემ მათ ამის უფლება არ მისცა და დარბაზი დაატოვებინა.
,,უნდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი მოსაზრებები და ეს არ შეიძლებოდა? ხომ შეიძლება, რომ როდესაც მოქალაქეს აქვს კრიტიკული შეკითხვები, ამ შეკითხვების დასმა მოითხოვოს? მინდოდა, მეკითხა, ის ანტიდასავლური განცხადებები, რასაც ბატონი დავითი აკეთებს ყოველდღიურად, რას ემსახურება“, - განაცხადა ფანქველაშვილმა.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, როგორც დავით რაზმაძემ აღნიშნა, საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, ნებართვა უნდა აეღოთ.
,,ქვეყნის ღალატის უფლება არავის აქვს, შეხედეთ, რა ხდება ევროპაში, რა უქნეს უკრაინას, ყველამ აღიარა, უყურეთ გუშინ უკრაინის პარლამენტის სხდომას რა ხდებოდა? გძინავთ ყველას, გაიღვიძეთ! რაც შეეხება ამ ადამიანების გაძევებას, რეგლამენტის მიხედვით, მათ ნებართვა უნდა აეღოთ და მივცემდით ამ ნებართვას რომ მოემართათ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გორის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ: ,,ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო. თუნდაც, დააფინანსა ის აგენტები, რომლებიც დღეს საქართველოს ებრძვიან, დიახ, საქართველოს ებრძვიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. კონკრეტულად, ვინც არის დღეს საქართველოს წინააღმდეგ და ვინც იმ რეზოლუციას მხარს უჭერს, გუშინ რომ მიიღო ევროპარლამენტმა, აი, ყველა ეგ არის საქართველოს მოღალატე. ეს რეზოლუცია არის ყოვლადშეურაცხმყოფელი ქართველი ერისთვის და ეს არის დღევანდელ დღეს, ფაქტობრივად, ჩვენი სუვერენიტეტის დამანგრეველი და არავის არ აქვს ამის უფლება, განსაკუთრებით, ყოფილი რუსეთის უშიშროების ევროპელ თანამშრომლებს პოსტსოციალური და პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, რომლებმაც დღეს შეიცვალეს იერი და გახდნენ ევროპარლამენტარები, რეალურად კი ისევ მოქმედებენ რუსული ,,კგბ-ს“ მეთოდებით“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
დავით რაზმაძის თქმით, მოქალაქეებს ყოველთვის შეუძლიათ განსხვავებული აზრის გამოთქმა კანონის შესაბამისად.
,,საკრებულოს აქვს დამტკიცებული რეგლამენტი, რომელიც მუშაობს შესაბამისი კოდექსის საფუძველზე, შესაბამისად, როდესაც შემოდის მოქალაქე, მას ნებართვის გარეშე არ აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება.
როცა ჩვენ დავასრულეთ სხდომა, ერთ-ერთმა მოქალაქემ დაიწყო გამოსვლა და მე მოვითხოვე მისი გაყვანა, ვინაიდან, რეგლამენტი დაარღვია. მას რომ ნებართვა აეღო ჩემგან, მე მივცემდი მას ამის უფლებას. რეგლამენტი არის ერთ-ერთი მთავარი კანონი საკრებულოს მუშაობაში და ვინაიდან არღვევდა რეგლამენტს, მოვითხოვე მისი გაყვანა სხდომათა დარბაზიდან“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.