კონფლიქტები
14.02.2025 13:06
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123-ე შეხვედრა მიმდინარეობს

საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრაზე, ძირითადი განსახილველი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი.

ამასთან, ირაკლი ანთაძის თქმით, საუბარი შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს, რომლებიც დაფიქსირდა 19 ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე.

,,შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 6 ჩვენი თანამოქალაქე, ასევე საუბარი შეეხება საანგარიშო პერიოდში უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს, რომლებიც დაფიქსირდა 19 ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე. ამ პერიოდში დაფიქსირდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 11 შემთხვევა, აქედან, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ნოემბრის თვეში, დეკემბერში - 3, იანვარში - 2 და თებერვლის თვეში - 5.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესმა მოიცვა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტები. აღნიშნული დესტრუქციული ქმედება ძირითადად ხორციელდებოდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე. ძირითადად, ეს გახლდათ ე.წ. ღობეებისა და მავთულხლართების განახლების პროცესი“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

კვირის ამბები