საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლნისის და მარნეულის მთელ ტერიტორიაზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა, აიკრძალა შიდა გადაადგილებაც, უახლოესი 24 საათის განმავლობაში მოეწყობა საველე ჰოსპიტალი, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო საქართველოს თავდაცვის ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს. შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებს პროდუქტით მოამარაგებს.
ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემოღება კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. მარნეულის მაცხოვრებელი ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. იგი მარნეულიდან თბილისში გუშინ გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული პირი მაღაზიაში მუშაობდა და მას ათობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ინფიცირების შიდა გადაცემის შემთხვევა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა, როდესაც უამრავი ადამიანი წლისთავზე იყო შეკრებილი, ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა, სხვა ქვეყნიდან ჩამოსული პირებიც ესწრებოდნენ.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ტესტირების სპეციალური პროგრამა იწყება.