პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა 2025“ ფარგლებში, ბაკურიანში გამართულ ეტლით თხილამურების ჩემპიონატში, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გორელმა სამხედრო მოსამსახურემ გუგა ჩიმახიძემ მამაკაცებს შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა და გარდამავალი თასი მოიპოვა.
ქალთა შორის ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ტიტულოვანი პარასპორტსმენი, გორელი ნინო საბაშვილი კი მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდა.
„ჩემპიონატში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას, სხვა სტუმრებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები, ღონისძიების სხვა მონაწილეეებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.
აქტივობა „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, გორის, თბილისის, მარნეულის, საგარეჯოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ტყიბულის, ქუთაისის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მერიების თანადაფინანსებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, „აჭარაბეთის“, „სოკარის“ და „ტოიოტაკავკასიას“ მხარდაჭერით გაიმართა.
პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციას და მიზნად ისახავს შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას“, - აცხადებენ გორის მერიაში.