საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი პროექტი - „სპეციალური ოპერაციების სარდლობის მებრძოლი“ დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების სარდლობაში ორწლიანი და ოთხწლიანი კონტრაქტით საქართველოს მოქალაქეები 18-დან 35 წლის ჩათვლით მიიღებიან.
რაც შეეხება პროექტის დეტალებს და ანაზღაურებას, პირველივე დღიდან ჯარისკაცების წვრთნაში მაღალი დონის პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეები სპეციალური ოპერაციების სარდლობიდან ჩაერთვებიან.
სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით; ოჯახის სოციალური და სამართლებრივი დაცვით; სამსახურის ადგილი შეირჩევა სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სპეციალური ოპერაციების სარდლობაში ჩარიცხვის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებლობა აქვს, გახდეს სერჟანტი, ოფიცერი (ბაკალავრის ხარისხის მქონე პირებისთვის); ჩაირიცხოს უცხო ენის შემსწავლელ კურსზე და დაეუფლოს უცხო ენებს (ინგლისური, ფრანგული, თურქული და სხვა); უცხო ენის ცოდნის შემთხვევაში, გაემგზავროს პარტნიორ ქვეყნებში სხვადასხვა საკარიერო პროგრამაზე.
„რეინჯერის პროგრამის გავლის შემდეგ დანამატი შეადგენს 250, ხოლო სპეციალური დანიშნულების პროგრამის გავლის შემდეგ დანამატი შეადგენს 1275 ლარს;
სპეციალური ოპერაციების სარდლობაში ოფიცერს ხუთი წლის და სერჟანტს რვა წლის სამსახურის შემდეგ, სპეციალური დანიშნულების პროგრამის დანამატი 450 ლარი ექნება.
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის ხელფასის ოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო ნამსახურეობის წლების მატებასთან ერთად, კერძოდ, ორწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ჯარისკაცი ერთჯერადად ბონუსის სახით 7500 ლარს მიიღებს. პირველი ოთხწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ - 10 000-სს, ყოველი მომდევნო ოთხწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი ბონუსის სახით 20 000 ლარს მიიღებს.
დაინტერესებულ პირებს დოკუმენტაციის წარდგენა შეუძლიათ სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს, გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ და მუნიციპალურ საზოგადოებრივ ცენტრებში.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე: 595 06 03 44.