შიდა ქართლში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილარში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და საბავშვო ბაღის გახსნის საზეიმო ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რწმუნებულის თქმით, ფერმა და ჩანგილარი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებია და მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე ხელმსაწვდომობა ჰქონდეთ.
„ვულოცავ პედაგოგოებს და ადგილობრივ პატარებს, ასევე, მათ მშობლებს ახალი საბავშვო ბაღის გახსნას, წარმატებებს და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვსურვებ. აქვე აღვნიშნავ, რომ მალე დასრულდება სოფელ ფერმაში საჯარო სკოლის მშენებლობაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ბავშვებს და მოსწავლეებს განათლების მიღება კომფორტულ და შესაბამის გარემოში ჰქონდეთ“, - აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.
რაც შეეხება სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებას, 50 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღი სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, მოეწყო ეზო და სათამაშო მოედანი.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბავშვო ბაღს დამოუკიდებელი შენობა არ ჰქონდა და ნაქირავებ სახლში ფუნქციონირებდა. ახალი საბავშო ბაღის შენობა ორ სოფელში - ფერმასა და ჩანგილარში მცხოვრებ პატარებს მოემსახურება.