გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტომ ბოშურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეკოსისტემაზე დაფუძნებული სამაგიდე თამაში გადასცა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, აქტიურად თანამშრომლობენ ტანას ხეობის სოფლების სკოლებთან და მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას სთავაზობენ, რაც ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარებაში ეხმარება.
რაც შეეხება საჩუქარს, „კასკადია“ არის სტრატეგიული სამაგიდე თამაში, რომელიც მოთამაშეებს ბუნებრივი ეკოსისტემის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სწავლობენ ჰაბიტატების სწორად განლაგებას და ეკოსისტემაში ველური ცხოველების ბალანსის დაცვას.
„თამაშის შინაარსი განსაკუთრებით საინტერესოა ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის კონტექსტში, სადაც მდიდარი ბიომრავალფეროვნებაა და უნიკალური ეკოსისტემები დაცვას საჭიროებს. ხეობის სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის „კასკადია“ შეიძლება გახდეს საკუთარი გარემოს უკეთ აღქმისა და ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის განვითარების საშუალება. მოზარდები ისწავლიან, როგორ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან სხვადასხვა სახეობები და რატომ არის ეკოსისტემური წონასწორობა ასე მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ედიშერაშვილმა.