საზოგადოება
11.02.2025 15:51
ჩემთვის უდიდესი პატივია ვიმსახურო და წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში - წვევამდელი დავით მაღლაფერიძე
ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევა დაიწყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოძახებამდე, საკუთარი სურვილით გადაწყვიტა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამედიცინო შემოწმება გაიარა, შიდა ქართლში მცხოვრები დავით მაღლაფერიძეა.
„მიმდინარე წლის იანვარში შევიტყვე, რომ საკუთარი სურვილით შემეძლო დავრეგისტრირებულიყავი და მემსახურა თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ სამხედრო სამსახურში. ამასთანავე, კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ მომცა საშუალება, ავირჩიო სამხედრო სამსახურის ვადა. გარდა ამისა, სკუთარი სურვილით დარეგისტრირების შემთხვევაში, კიდევ უფრო, 30 %-ით გაზრდილ ხელფასს მივიღებთ, რაც ახალგაზრდა ადამიანისთვის დამატებითი მოტივაციაა. ამასთანავე, ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიმსახურო და წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა დავით მაღლაფერიძემ.
შეგახსენებთ, თავდაცვის ახალი კოდექსის თანახმად, 6-თვიანი ვადით წვევამდელები საბრძოლო ქვედანაყოფში იმსახურებენ და მათი დარიცხული ანაზღაურება თვეში 765 ლარი იქნება. 8-თვიანი ვადით წვევამდელები საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამ დღეში ერთხელ იმსახურებენ და დარიცხულ ანაზღაურებას თვეში 635 ლარის ოდენობით მიიღებენ. 11-თვიანი ვადით კი წვევამდელებს შეუძლიათ იმსახურონ საბრძოლო ქვედანაყოფში უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე. წვევამდელების დარიცხული ანაზღაურება თვეში 1275 ლარიდან 1530 ლარამდე შეადგენს. 11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ, მათ მიენიჭებათ შესაბამისი სამხედრო წოდებები - ლეიტენანტი ან უმცროსი სერჟანტი და ჩაირიცხებიან რეზერვში.
კვირის ამბები