საზოგადოება
11.02.2025 15:55
კონკურსი პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის

პროფესიული უნარების სააგენტო პროფესიული სტუდენტებისთვის სამეწარმეო პროექტების კონკურსს აცხადებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების სამეწარმეო, დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის საჭირო, ასევე, სტუდენტების აგრომეწარმეობის კომპეტენციების გაძლიერებას და სტუდენტური ინიციატივების წახალისებას.

რაც შეეხება მონაწილეობას, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული სტუდენტებისგან შემდგარ (გენდერულად დაბალანსებულ) გუნდებს: ბაღის დიზაინი, დეკორატიული მებაღეობა, ვეტერინარია, მებაღეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა და მეღვინეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მეფუტკრეობა, მეხილეობა, ფერმერი მემცენარე, ფერმერობა, ფერმერობა მეთევზეობაში, თევზის გადამუშავება, ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში, სატყეო საქმე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კი სტუდენტები, წინასწარ განსაზღვრული მიმართულებებიდან, უნდა გაერთიანდნენ 3-წევრიან გუნდებად.

„კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 4 გამარჯვებული გუდი, რომლის თითოეული წევრი მიიღებს აგრარული მიმართულების სავაჭრო ობიექტის 3000-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს.

განაცხადთან ერთად, კონკურსში მონაწილე გუნდებს, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე: info@geoskills.ge წარმოადგნოთ გუნდის წევრი თითოეული პროფესიული სტუდენტის კონკურსით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის (აქტიური სტუდენტის სტატუსის) დამადასტურებელი ცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი გუნდის განაცხადი არ განიხილება.

განაცხადი უნდა შეავსოთ და შესაბამისი დოკუმენტაცია მოგვაწოდოთ არაგვიანეს 17 თებერვლისა.

პროექტში მონაწილეობის პირობების, ეტაპებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გვეწვიეთ ბმულზე: bit. ly/ 4jSaJKb“, - ნათქვამია პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროფესიული განათლებისა და გადამზადების მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, კონკურსის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

 

 

 

კვირის ამბები